ლექსები კრებულიდან...
ზღვა ცაა ქართველთა სალარო
პატრიარქს
ზღაპარი დავწერო! _ მიბრძანე,
მიბრძანე, _ ზღაპარი მიზანი…
ზღვა დავხნა, დავთესო, მოვიმკო,_
ბრძენთათვის საზრდელი მითხარი!
ზღვას დავხნავ, დავთსავ, მოვიმკი…
ზღვა ცაა ქართველთა სალარო,
გინდა, რომ შვილები გამრავლდნენ,
აავსონ იმედით სამყარო!..
ზღვას დავხნავ, დავთესავ, მოვიმკი,
მოსავალს ზღვად ვაქცევ, გამაგრდი!
დღესაა, თუ იყო ოდესმე,
ქართველი კლდესავით მაგარი!..
ქართული ბარძიმით, ფეშხუმით
უფალმა ბეთლემით ინება!
-მსოფლიოს ქართველად მოქცევა
იწყება!
იწყება!
იწყება!
იწყება ცხოვრება, იწყება!
მთავრდება ბავშვური თამაში!
ქართველი იღვიძებს!
თენდება! ესაა მთავარი
14.012001წ.
)(
მეტყოდი მამავ…
ვინც რას აკეთებს,
საკუთარ თავს უკეთებს შვილო,
მეტყოდი მამავ!
და სიკეთისკენ წაქეზების
ეს შეძახილი,
დამდევდა მუდამ,
მაძლევდა ძალას…
ვინც რას აკეთებს,
საკუთარ თავს უკეთებს მამავ,
და როგორც ბავშვი
ეწაფება მშობლიურ ანბანს,
მეც ამ ანბანურ შეგონებას
ვიყენებ თვალწინ,
და ჩემი ერის
მშენებლობის ტაძართან ვდგავარ…
ვდგავარ ლოცვასთან,
ვდგავარ მადლთან,
ვაშენებ სართულს,
შთამომავლობას
ჩემი გულის ვაძლევ სიმაღლეს,
მადლობა მამავ,
ჩემი სულის გაწვართვისათვის,
თავი გადასდე,
შრომა, მადლი არ დაინანე…
მე შენს მაგალითს ვცდილობ მივყვე,
უყი გავტეხო,
გავხედნო დროის ბედაური,
ზეცას ავხედო,
მართალ თვალებით მივაჩერდე
შთამომავლობას,
შთამომავლობის ცხონებისთვის ღამე ვათენო!
23.08.2001წ.
)(
მერე დაჭედავ ბედაურ რაშებს
გინდა გათენდეს? _ თავი გადასდე!
გინდა აშენდეს? _ თავი გასწირე!
მერე შეხედავ
დარიალაში
არწივი ცაში როგორ აფრინდეს!
დათმე სიცოცხლე და სიამაყე,
სიმდაბლის გზაზე დაადექ მწირი,
მერე გადმოვა ზეციდან მადლი,
მერე იქნება კეთილი შვილი…
მერე დაჭედავ ბედაურ რაშებს
და სიდიადის შეაღებ კარებს…
მერე სამშობლოს სადიდებელად
სასუფეველში გაახელ თვალებს…
მერე და მერე, მერე და მერე,
მერე იქნება ის, რაც შენ გინდა,
გამოიდარებს და გათენდება,
თითქოს არც ქუხდა,
თითქოს არც წვიმდა.
წავა ზამთარი და გაზაფხული
შემოვა სულში ფოთლის შრიალით,
აღდგება რწმენა და სასოება,
ის დრო დადგება შენ, რომ მითხარი:
დრო _ წინაპრების ნალოც-ნაღვაწი,
დრო _ არენაზე გამოსვლა ქართლის…
საქართველოს დრო, საქართველოს ცა
და საქართველო მსოფლიოს თავში…
გინდა გათენდეს? _ თავი გადასდე!
გინდა აშენდეს? _ თავი გასწირე!
მერე შეხედავ
დარიალაში
არწივი ცაში როგორ აფრინდეს!
23.01.2001წ.
)(
ქრისტეს სახელით!
სიკვდილს ეძებდა
ჩვენი მამა _ მეფე ვახტანგი,
ქრისტეს გულისთვის
სიკვდილს ედგა ლომი კრიჭაში,
სიკვდილი დასცა, ააშენა მარადისობა,
მარადისობამ
აიყვანა იგი ზეცაში…
სიკვდილს ეძებდა
ყველა ლომი ქართლოსიანთა,
სიკვდილს ზარს სცემდა
მათი გული _ ცეცხლის მახვილი,
ქრისტეს სახელით მიდიოდა ერთი ათასზე,
ქრისტეს სახელით
ცას სწვდებოდა მათი ზახილი!..
ქრისტეს სახელით
დავაჩოქებთ მომხვდურთა დელგმას,
ქრისტეს სახელით
გზას გავიკვლევთ უკუნ ღამეში,
ქრისტეს სახელით
წამოფრენილ ხოხობს დავვისრავთ
და ახალ თბილისს
ავაშენებთ შავნაბადელნი!
ახალ მსოფლიოს
მართალ წესრიგს
მივცემთ საზრდელად. _
ქართულ ენაზე მოვილოცებთ
და მოვილოცებთ!
ახალ მსოფლიოს,
ახალ გზაზე დამდგარ მსოფლიოს
სიკვდილისაგან გამოვიხსნით,
გამოვაცოცხლებთ!
ქრისტეს სახელით
გავიხარებთ,
რომ ქართველნი ვართ,
ქრისტეს სახელით
გავიხარებთ,
ქრისტეს სახელით!
შთამომავლობას
გამოვიხსნით სიკვდილისაგან,
სიკვდილისაგან გამოვიხსნით
ქრისტეს სახელით!
3.07.2001წ.
)(
შავნაბადას მთა სხვისთვის მთაა,
ჩვენთვის სავანე
შავნაბადას მთა სხვისთვის მთაა,
ჩვენთვის სავანე,
სავანე ღმერთთან მიახლების,
თვალთა ახელის,
სავანე მზესთან დასახლების,
დროსთან დადგომის,
სავანე ჩვენი ამაღლების,
ჩვენი აღდგომის…
ჩვენი ცხონების
უბერებელ რითმებთან ყოფნა,
აწმყოში მოსვლა წარსულისა
და მომავალის,
საქართველოსთან შეერთების
მკვიდრი იდეა,
და საქრთველოს ცად აღმასვლა
მსოფლიოს თვალში…
შავნაბადაა საქართველოს
მკვიდრი საუნჯე,
შავნაბადაა ცხონების და
რწმენის სიმბოლო.
შავნაბადაა ჩვენთვის მადლი
და აღმაფრენა
და შავნაბადას აღმშენებლად
გვინდა ვიცხოვროთ…
გვინდა ვიცხოვროთ
მსოფლიოზე მზრუნველ მამებად,
მსოფლიოს მოვლით,
პატრონობით გვინდა ვიცხოვროთ!
გვსურს კაცთა შორის
სათნოების გამოღვიძება,
სხვაც ვაცხონოთ და
ჩვენი სულიც გვინდა ვაცხონოთ…
დაიზრდებიან კვლავაც ალგეთს
ლომის ბოკვრები,
კვლავაც აღსდგება
დამარხული ჩვენი დიდება,
კვლავაც აღსდგება
დარღვეული ჩვენი ერთობა
და საქართველო გაიზრდება,
და გადიდდება…
28.12.2001წ.
)(
რა ცეცხლშიც გინდა აწი მოვხვდე
იმას არ გეტყვი…
ის დღე, როდესაც შენ დაგშორდი
დამაქვს ტკივილად…
იარად დამრჩა
გულში შენი წყენის თვალები,
იმ დღემ მასწავლა,
რომ წუთითაც სასოწარკვეთის
უფლება არ მაქვს,
იმ დღეს გავთეთრდი…
გავთეთრდი კიდეც,
და დავბერდი იმ დღეს ასი წლით,
რა ცეცხლშიც გინდა აწი მოვხვდე,
იმას არ გეტყვი,
ვიწვი და შველა მჭირდება თქო…
მიშველე კაცო!
კაცის იმედი აღარ დამრჩა,
შემრჩით ბავშვები!
ბავშვს თვითონ უნდა ჩემგან მოვლა
აღზრდა და მადლი,
ერთი უფალი არის აწი ჩემი იმედი,
წუწუნი ჩემი, შეტირება
დამთავრდა მაშინ…
იყავი მამა?
მეც მამა გავხდი!
2001წ.
)(
და ახლა ვადგენ ჩემფერთა ლაშქარს…
სოფელს
მომქონდა შენთან გული ნატკენი,
აცრემლებული ვიყავ პერანგში,
ჩვილის სიწმინდით ვიწერდი პირჯვარს,
იმედი მქონდა, რომ დამიცავდი!..
მაგრამ შენს თვალებს როცა წავაწყდი,
მომწყდა იმედის წელი სრულიად,
გადამეფარა სახეზე სევდა,
მევალე მადექ თავზე ურია…
ვერ მოვერიე მე ამდენ ღალატს,
შვილის გაყიდვას და ფულზე გაცვლას,
გამოვიქეცი კვლავ ბავშვობიდან
და ახლა ვადგენ ჩემფერთა ლაშქარს!
დაე, დადუმდეს პირი ყოველი,
ვინც ორგულობის ანთხევს სამსალას,
ჩვენ ვერ გავუშვებთ შთამომავლობას
მომავლის გზებზე შენს ანაბარად!
დაიზრდებიან კვლავაც ლომები
ალგეთის გზებზე მტრების საჩეხად,
ჩვენ ვიტყვით საქმით, რასაც ნატრობდნენ
ჩვენი პაპები და დედამიწა…
ვირთხებით დახრულ მიწას წყალს მივცემთ,
დავახრჩობთ წუხილს და აგონიას,
ჩვენ რასაც მივცემთ შთამომავლობას,
დაგვძრახოს ვინმემ, არა მგონია!
აღმოვაცენებთ სიყვარულს იქაც,
სადაც უდაბნოდ ქცეულა სივრცე,
ჩვენ გავუსწორებთ თვალებს მომავალს,
რომელიც ახლა აკვანში გვიწევს…
28.05.2001წ.
)(
წავედი თქვენგან,
უდაბნოში დავიდე ბინა
წავედი თქვენგან,
უდაბნოში დავიდე ბინა,
იცით კი ჩემგან რას თხოულობთ?
ჩემგან რა გინდათ?
საერთოდ გინდათ კი რაიმე,
ან გახსოვთ ვინმე?
მანამდე ვინმე გახსენდებათ,
თუ არ დაგჭირდათ?
საჭიროება,
მხოლოდ ჭირი გაერთებთ ხოლმე,
საშიშროება გაწყვეტისა
ქმნიდა მგლის ხროვებს!..
მგლები სხვებისთვის იყვნენ მგლები,
იყვნენ ხროვები,
თორემ თავისთვის გმირნი იყვნენ,
იყვნენ ლომები…
თუ მგლებს ერთობა გადაარჩენს
მკაცრ განსაცდელში,
მგლები ხვდებიან,
მგლები ერთურთს უდგანან გვერდში,
რატომ გვგონია,
ადამიანთ გვაწყენს ერთობა,
ერთობა ღვთისკენ სიარულში
და ერთმანეთში?!
ვერასდროს მარტო
კაცი მიწას ვერ გასცილდება,
მარტოსულობით
ვერ გახდება დიდი მოსაგრე,
არასდროს შვილად არ მიგიღებს
თვითონ უფალი,
თუკი მოყვასის გულისათვის
თავს არ გადასდებ…
წავედი თქვენგან,
უდაბნოში დავიდე ბინა,
არა იმიტომ,
არ მიყვარხართ, ანდა დაგტოვეთ,
არამედ მისთვის,
მოვამზადოთ ჯარი ერთობის,
და ერთ წყნარ დილას
თქვენს დამპყრობელ ეშმაკს დავეცე…
ეს არის ჩემი
უდაბნოში წასვლის მიზეზი,
აწონ-დაწონვა
ისტორიულ გამოცდილების,
თვითონ საკუთარ
სიკვდილებთან დასაუბრება,
ზეციური და
მიწიერი კაცის სინთეზი!
29.10.2001წ.
)(
და მერე ფრთეებრ შეისხა მღვიმე…
საქმეა სიტყვა, მადლია საქმე,
და საქმით ვხატავთ
ყველა ჩვენს პორტრეტს,
შიო მღვიმელმა შიომღვიმეში
ბუდე აუნთო ორი ათას ბერს!...
…და მერე ფრთეებრ შეისხა მღვიმე,
ცამდე აღმართა შვილთა საგრები,
ორი ათასი ბერის თვალები
თავზე დაადგა, როგორც სანთლები!..
და ორი წელი, მზის სითბოს ნაცვლად,
იკვებებოდა შვილთა სინაზით,
ადამიანის შვილია საქმე
და ყველა დედა შვილით იქადის…
მღვდელი ფასდება შვილთა სიმრავლით,
მრევლის ხარისხით, რწმენის სიმაღლით,
თვით ეკლესია _ სხეული უფლის
გულს გაგიმრთელებს, თუკი მიაწვდი!
1996წ
გაგრძელება
No comments:
Post a Comment