ჯვრის მონასტერში
ჯვრის მონასტერში ყველა ვტიროდით _
ერი და ბერი, მოხუცი, ბავშვი…
ყველა ცრემლებით ვიყავით სავსე,
ყველა მონასტრის კედლებში ჩავრჩით…
ყველა ვიყავით ერთხმად შეწირვის,
საქართველოსთვის შეწირვის სულით,
ვეწირებოდით ჩვენს წმინდა წარსულს,
ვეწირებოდით ალალი გულით…
ვეწირებოდით და ჩვენს წინაპრებს
ვუერთდებოდით მთელი არსებით,
ვგრძნობდით, სიცოცხლე ყოფილა თურმე,
რომ მათ გარეშე ვეღარ გავძლებდით…
საქართველოში დაბადებულნო,
აქ წამოსულნო, ხედვას აქ შერჩით,
ჩვენა ვართ თქვენი შთამომავლობა
და თვალწინ გვიდგას თქვენი ანდრერძი!
4.01.2000წ.
)(
უფლის საფლავზე ბრწყინავდა ცრემლი
აქ ფეხაკრეფით უნდა იარო
და ისე მიჰყვე ნაბიჯს წინაპრის
აქ ყველა ბუჩქი მოგჩერებია
და შენი პაპის სახელს იძახის
აქ ყველაფერში გარჯაა დიდი,
კაცის განცდაა, ცრემლი უწყვეტი!
აქ დასაწყისი არის მკვდარი ზღვა,
და დასასრული არის იმედი…
”ბენგურიერით” შევეხეთ მის ცას,
”ბენგურიერით” მისგან ავფრინდით,
გაგვიმასპნძლიდა შვილებს შოშიტა,
ჯვრის მონასტერი მოჰგავდა არწივს...
უფლის საფლავზე ბრწყინავდა ცრემლი,
უწმინდესის და უნეტარესის,
ნაზიარები მრევლის თვალებში
დუღდა სიცოცხლე უზეშთაესი…
შეიწრებული ბავშვი მღვდლის როლში,
ორი ათას წელს შობას ბეთლემში
ვწუხდი, თუ წალკოტს როგორ ვაოხრებთ,
და არაფრისგან ვით ქმნიან ქორწილს…
არა აქვთ მიწა, არა აქვთ წყალი,
სიპ ქვაზე ქმნიან ხალხნი შედევრებს!
ჩვენ კი ყველაფერს ვაქცევთ უდაბნოდ,
რასაც ბოლო დროს ხელი შევახეთ!..
…ახალა ბერობა ხანძთელის უნდა,
არა სილაჩრის, არა სიშიშვლის,
არა მღვიმეში მოკალათების,
ან რუდუნებით დაცდა სიკვდილის,
არამედ მისვლა პატრონად ერის,
მამად, მომვლელად თავის ჯილაგის,
ახლა ბერებად ლომები გვინდა,
რომ ხიდი დადონ ციდან მიწამდის!
21.01.2000წ
)(
უფალს
მშიერმა იცის, რას ნიშნავს
პატარა პურის ნაჭერი,
მომშივდა შენი დიდება,
მომწყინდა შენი თვალები…
ის ბეწვის ხიდი, რომელზეც
თურმე ათასჯერ მივლია,
რომ არ ჩამიწყდა, მადლობა,
მადლობა, რაც გამივლია…
ჩემი თვალების ახელა,
ჩემი აღდგენა შესძლი,
მე ვცადე შენი გზით მევლო,
ავდექ და ბერად შევდექი…
მაგრამ ვაი, რომ მანამდე,
ბევრი ცრუდ განვლე, ვიომე…
რამდენჯერ უფსკრულს გადამდგარს
ხელი შენ გამომიწოდე…
და არ ვიცოდი ის შრომა,
ის რუდუნება, ალერსი,
რითაც, როგორც ჩვილს, მივლიდი,
როცა ჩემს აკვანს არწევდი...
1996წ
)(
პატრონი უნდა
შენს ღიმილს,
შენ მზეს,
შენს სიცოცხლეს
პატრონი უნდა…
პატრონი უნდა
ცაში ფრინველს, მიწაზე ცხოველს,
პატრონი უნდა
ზღვაში მცხოვრებს,
ქვესკნელში მძრომელს,
პატრონი უნდა
ადამიანს უკლებლივ ყოველს…
პატრონი უნდა
ყველა მეფეს,
ყველა პატრიარქს,
პატრონი იტევს თავისთავში იერარქიას…
პატრონი ბადებს
ცხოვრების წესს და ითხოვს წესრიგს,
პატრონი აძლევს თავის სახეს
კაცსა თუ ცხოველს…
პატრონად გვინდა
მსგავსება და ხატება ღმერთის,
რომ კვლავ სამოთხე
დაგვიბრუნოს
ედემში მყოფელთ!
დაგვიბრუნოს ედემში მყოფელთ!
10.02.98წ
)(
იდება…
მორჩილი მამაა მშობელი,
მამაა თავისიც და სხვისიც,
პატრონად მოსულა
ამქვეყნად,
ცის გარდა ცხოვრება არ იცის…
არ ტირის, არ კუთავს, არ წივის,
შვილია მზისა და არწივის…
მორჩილად ყოფნაა დიდება
და უფლის შვილობა ნამდვილი...
05.2001წ.
)(
ბერი იბერის ძირია და
ძირი ქართლისა
ბერი იბერის ძირია და
ძირი ქართლისა,
ვაჟკაცისათვის დარქმეული
ღირსი სახელი,
ბერია კაცი _
ერისთვის ღმერთს შეწირული,
ბერობითაა
ვაჟკაცობა გამოსათქმელი...
23.08.2001წ.
)(
დედავ, მადლობა სიცოცხლისათვის
შენი სიცოცხლე იყო გმირობა,
იყო ბრძოლა და ბედთან ჭიდილი,
შენ არ იცოდი წმინდა წერილი,
მაგრამ გიცავდა წმინდა სინდისი!..
და ატარებდი ცხოვრებას ისე,
ვით ეკადრება დედას და წმინდას,
იყავ თანახმა ქართველობისთვის,
ჯვარზე გაკვრაზეც, სიკვდილისთვისაც!..
რა რჯული გვქონდა, კაცს რომ ეკითხა,
ალბათ ამ კითხვას დუმილით, ფიქრით
დაუხვდებოდი, როგორც სატკივარს,
ერთგული შენი ცისა და
მიწის…
სამშობლოსადმი შენი სიცოცხლე,
შენი კდემა და შენი ქალობა,
დავბერდი, მაგრამ მე უკეთესი
სხვაგან ვერ ვნახე, დედავ, მადლობა!
დედავ, მადლობა სიცოცხლისათვის,
და შენი წმინდა ხატის შექმნისთვის,
შენ სჯულიც გქონდა, სარწმუნოებაც,
დამლოცე ბერად შენი შეგირდი
18.07.2001წ
)(
დედას
ტკივილად ისიც მეყოფა, დედა
ვერ მოგიარე, როგორც მინდოდა…
ახლაც ტკივილი დამყვება შენი
და ახლაც შენი შველა მჭირდება…
მომფერებელი შენი შვილობა,
ვერ გავძეხ, დედა, ვერ შევძელ ალბათ,
შენ რომ გინდოდა ჩემი გმირობა…
მაგრამ დარჩენილ ცხოვრებას კიდევ,
კიდევ თუ დამრჩა ორიოდ ბიჯი,
ვეცდები, ისე შევიდე ცეცხლში,
რომ ვიყო შენი შვილობის ღირსი…
მახსენდებიან შენი თვალები,
მისუსტებული შენი ხელები,
როგორი გმირი იყავი დედავ,
როგორი ღირსად სადიდებელი!
18.07.2001
)(
ქართველ დედას
მენატრებოდი!
მაგრა ამ ნატვრას ვის გავუმხელდი?
იცი, ვერავის!
ვერ გამოგებდა ამას ვერავინ,
მაინცდამაინც რაღა შენ მაკლდი…
შენ იცი ჩემი შენთან სინაზე
და ახლობელის სუნი და გემო,
იცი, მგელივით ჩემი შიმშილი,
რა ლექსი მინდა, რომ დაგიწერო…
მენატრებოდი!
და უსასრულოდ
მეხარჯებოდი ლოცვის სანთლებში,
შვილთა სიმრავლეს შენთვის შევთხოვდი…
და იმ სიცოცხლეს, შენ რომ მაძლევდი...
ისევე უკან შენ გიბრუნებდი,
შენთვის ვცოცხლობდი,
ღამეს ვათევდი…
შენ იყავ ჩემი მიწა, სამშობლო
და ალმასივით შენი თვალებით,
მე ვჭრიდი სივრცეს ოკეანეში
და სიყვარულის საკმელს ვაკმევდი…
მჭირდა უსიტყვო გაურკვევლობა,
მქონდა იმედი, მქონდა ნათელი,
ღმერთმა დალოცოს,
ღმერთმა ამრავლოს
საქართველოში შენისთანები...
22.08.2001წ
.
გაგრძელება იხილეთ
მეტყოდი მამავ... არქიმანდრიტი შიო (გაბრიჭიძე)
Shavnabada Church of Saint George / შავნაბადას წმინდა გიორგის მონასტერი
No comments:
Post a Comment